ჩვენი თაობის ახალგაზრდობისთვის რჩეულიშვილის შემოქმედების გაცნობა აუცილებელია, რადგან გურამი კაცობისა და ადამიანობის ეტალონია. იგი უზომოდ შეყვარებულია თავის სამშობლოზე და ასევე მთელს დედამიწაზე : “ალბათ მოვა დრო, როცა განვითარდება ასტრონომია, საპლანეტთაშორისო მოძრაობა, რომ ადამიანი ისევე დაიცავს, ისევე შეიყვარებს მთელ დედამიწას, როგორც დღეს ჩვენ, თუნდაც შენ და მე საქართველო გვიყვარს. ვუყურებდი და უბრაალოდ ვერ წარმომედგინა რომ ამ სიმშვენიერეში შეიძლება კავმა კაცს აწყენინოს.“-ამბობს გურამი.
გურამს გული სიყვარულით აქვს სავსე. ,,მთებში დავდივარ - ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ - როგორც დედა იტყვის სტუდენტის სახე არ მაქვს. ღვინოს ვსვამ - ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ - ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა? " წერდა რჩეულიშვილი.
მაოცებს ამ ადამიანის სიმამაცე, თავდადება, თავისუფლება…. "ალავერდობა" კლასიკაა - მისი მებრძოლი, მეამბოხე სულის სარკეა.
იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მიისწრაფოდა თავისუფლებისაკენ, რაც მის დროში თითქმის შეუძლებელი იყო.
მან წერილი მისწერა თავის მეგობარ ერლომს: „მთელი ეს 25 წელი საკმარისია იმისთვის, რომ კაცმა ვისაც აქვს თავმოყვარეობა და ჩემდენი სურვილები, მშვიდი სინდისით მოიკლას თავი. ეს არის უაზრო, უსარგებლო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭში მოქცეული წიწილიასა, რომელსაც ათასნაირად მომზადებულს გამოსაჩეკად ვერაფრით ვერ გამოუმტვრევია გამოსასვლელი. მე არ ვეძებ სხვაში ჩემს უმწეობას, მაგრამ „დედის“ ვალია სადღაც, ოდნავ შეუთხელოს ნაჭუჭს კედელი, მაგრამ საზოგადოება, წყობა, ამხანაგები, თვითონ ოჯახი ყველაზე მეტად და ჩემი ბუნებრივი წმინდა ლიტერატურული მონაცემები მხოლოდ იმის ცდაში არიან, როგორ გაასქელონ ის ნაჭუჭი საერთოდ გამოუმტვრელობამდე ისე, რომ კაკუნის ხმაც არ გამოდიოდეს იქიდან. (ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი დაბადების დღე იყო გუშინ, თორემ ამ წერილით არ შეგაწუხებდით.)“
მის შემოქმედებაში თითოეული ადამიანის სიცოცხლე მარადიულია. სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება. სიცოცხლე ღვთიური მისიაა - ამ ჭეშმარიტების შეცნობა მისი ნაწერებით ადვილდება: "ირინა", "ბათარეკა ჭინჭარაული", "ნელი ტანგო", "სიკვდილი მთებში", "უსახელო უფლისციხელი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში" და სხვა. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სიღრმითა და თვით ლაკონურობითაც.
რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო. იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა და შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას... იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
ჩვენს თაობაში აუცილებელია ყველა იცნობდეს გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებას, რადგან მისი წერილების, ბიოგრაფიის მოთხრობების გაცნობის შემდეგ არ შეიძლება ადამიანს არ შეეცვალოს შეხედულება ცხოვრებაზე, თვისუფლების არსზე, ინდივიდუალურობაზე, სიყვარულზე და სხვა უამრავ ცხოვრებისეულ ფაქტზე. გურამი არის ადამიანი რომლისგანაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისწავლოს. გურამმა იმდენი რამ მოასწრო და ისეთი ცხოვრებით იცხოვრა 26 წელი, რასაც ღრმად მოხუცებულობამდე მისული ხალხიც კი ვერ ახერხებს.




No comments:
Post a Comment